მეცნიერება არის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი)
მეცნიერება ანტიკურ ხანაში წარმოიშვა საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილებების გამო, მაგრამ ჩამოყალიბდა მე–16-17 საუკუნეებში. ამ დროიდან სამეცნიერო საქმიანობის (აღმოჩენების, სამეცნიერო ინფორმაციის, მეცნიერთა რიცხოვნობის) მოცულობა ყოველ 10-15 წელში ორმაგდებოდა. მეცნიერების განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა ექსტენსიური და რევოლუციური პერიოდები. სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა „მეცნიერება – ტექნიკა – წარმოება“, რომელშიც წამყვანი როლი მეცნიერებას ეკუთვნის. ისტორიული განვითარების პროცესში მეცნიერება მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი გახდა და დიდი გავლენა მოიპოვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. მეცნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფიასთან, იდეოლოგიასთან და პოლიტიკასთან, რაც განსაზღვრავს მის საზოგადოებრივ როლს.

No comments:
Post a Comment